სერბეთში ათიათასობით ადამიანი შაბათს, 1 ნოემბერს, ნოვი სადში შეიკრიბა, რათა პატივი მიეგოთ ზუსტად ერთი წლის წინ ქალაქის რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისთვის.
როგორც Associated Press (AP) აღნიშნავს, ეს მიტინგი ასევე გახდა „ავტორიტარი პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მთავრობის მიმართ მზარდი უკმაყოფილების მასობრივი გამოვლინება“.
ცერემონია 16 დაღუპულის ხსოვნისადმი მიძღვნილი 16 წუთიანი დუმილით ზუსტად 11:52 საათზე დაიწყო, იმ მომენტში, როდესაც ერთი წლის წინ სადგურის ბეტონის სახურავი ჩამოინგრა. შეკტებილებმა ტრაგედიის ადგილი გვირგვინები შეამკეს და სანთლები დაანთეს.
წინა საღამოს მოქალაქეები მასობრივად შეიკრიბნენ ნოვი სადის ქუჩებში, რათა დახვედროდნენ ათასობით ადამიანს, ძირითადად ახალგაზრდებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქალაქშ ფეხით ჩავიდნენ.ზოგიერთმა მათგანმა 400 კილომეტრი გაიარა, ვიდრე ნოვი სადში ჩავიდოდა.
2024 წლის პირველ ნოემბერს ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე ახლად გარემონტებული ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა.შემთხვევის შემდეგ სერბეთში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რასაც სამართალდამცველებთან შეტაკებები მოყვა. მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ქვეყნის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ.
პროტესტის შედეგად, ქვეყნის მშენებლობის მინისტრმა, გორან ვესიჩმა თანამდებობა დატოვა, მოგვიანებით, ის და კიდევ 12 პირი დააკავეს, თუმცა დღემდე არც ერთის პასუხისგების საკითხი არ დამდგარა. პოსტი დატოვა პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმაც, თუმცა, ამით საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა და ის პერიოდულად კვლავ იმართება.