მოსკოვი და ვაშინგტონი იმედოვნებენ, რომ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებისათვის საქართველოს პოზიცია ხელისშემშლელი არ იქნება. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა ლორენს სამერსმა დღეს მოსკოვში გააკეთა.
"ჩვენ ვაღიარეთ, რომ აუცილებელია ისეთი კრეატიული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც დაგვეხმარება, რათა საქართველოში არსებული სიტუაცია რუსეთის ინტეგრაციისათვის ხელისშემშლელი არ იყოს", _ განაცხადა სამერსმა რუსეთის პირველ ვიცე-პრემიერთან იგორ შუვალოვთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხი შესაძლოა ერთი წლის განმავლობაში გადაწყდეს.
"ვიმედოვნებ რომ პროცესი 12 თვის განმავლობაში დასრულდება", _ განაცხადა სამერსმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი ვმო-ში გაწევრიანებას 1993 წლიდან ცდილობს.
"საქართველო რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს მანამდე არ დაუჭერს, სანამ არ იქნება შესრულებული ის პირობები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აყენებს", _ ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 5 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" შეკითხვას თუ როგორი იქნება საქართველოს პოზიცია რუსეთის ვმო-ში გაწვრიანებათან დაკავშირებით, იმ ფონზე, როცა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებათან დაკავშირებით აშშ-მა და რუსეთმა მოლაპარაკებები დაასრულეს.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საქართველოს პრეზიდენტისა და ხელისუფლების საბოლოო პოზიციაა.
"საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უცვლელია. საქართველო ვერ დაუჭერს მხარს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მანამდე ვიდრე არ იქნება შესრულებული ის პირობები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აყენებს. მათ შორის ეს ეხება საბაჟო გამშვები პუნქტების თემას და იმ საკითხების მთელ სპექტრს, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს", - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.