საქართველოს დეოკუპაციასთან დაკავშირებით რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გაგრძელდება.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა ბოკერიამ რუსეთის საგარეო უწყების მიერ პერევიდან რუსი ჯარისკაცების გაყვანის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
"ეს ნაბიჯი არის იმის დემონსტრირება, რომ ეს არის საერთაშორისო ზეწოლა, რის გამოც რუსეთის ფედერაციას მოუწია ამ ნაბიჯის გადადგმა. ბუნებრივია, რუსეთის ფედერაცია ცდილობდა წინასწარ და ახლაც ცდილობს გაყიდოს ეს უფრო დიდ ფასად, როდესაც განაცხადა, რომ ამით დასრულდა მათი ვალდებულების შესრულება", - აღნიშნა ბოკერიამ.
მისივე თქმით, რუსული მხარის პოზიციას არც საქართველო და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ იზიარებს და საქართველოს დეოკუპაციისთვის კრემლზე ზეწოლა კვლავ გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ პერევიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა:
"პერევის დასახლებული პუნქტიდან რუსული სასაზღვრო საგუშაგოს გაყვანით ჩვენ მიერ "მედვედევი-სარკოზის" გეგმის საეჭვოდ შესრულების საკითხი საბოლოოდ დახურულია".
სერგეი ლავროვის უწყება პერევიდან რუსი ოკუპანტების გასვლას "კეთილი ნების მოქმედებას" უწოდებს.