მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსათვის" დადებითად აფასებს სოფელ პერევიდან რუსი სამხედრო მოსამსახურეების გასვლას.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ ნაბიჯის გადადგმა ნავარაუდევი იყო თითქმის ორი წლის წინ, 2008 წლის დეკემბრის დასაწყისში, როდესაც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია II, რუსეთში ყოფნისას, პრეზიდენტ მედვედევს შეხვდა და ამ და რიგ სხვა საკითხზე მასთან შეთანხმებას მიაღწია.
"მაშინ, 2008 წლის 12 დეკემბერს, რუსი სამხედროები გავიდნენ კიდეც სოფელ პერევიდან, მაგრამ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის აგრესიული და პროვოკაციული განცხადებებისა და მოქმედებების შედეგად, კერძოდ, მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ბრძანებით, საქართველოს შინაგანი ჯარების ნაწილებმა დაიწყეს რუსი სამხედროების პერევიდან განდევნის იმიტაცია, რუსი სამხედროები იმავე დღის ბოლოს დაბრუნდნენ და დაიკავეს ადრინდელი პოზიციები. ორი წლის წინ სააკაშვილმა ჩაშალა პერევთან დაკავშირებით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიერ მიღწეული შეთანხმება, ამასთან, მან დღემდე არაფერი გააკეთა სხვა შეთანხმებების ეტაპობრივი რეალიზებისთვის,-"ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსათვის" ლიდერები აცხადებენ, საქართველოს დეოკუპაციის პერსპექტივის შექმნისათვის აუცილებელია რუსეთთან დიალოგის დაწყება და ურთიერთობების აღდგენა, ასევე აფხაზებთან და ოსებთან შერიგება, მათი ნდობისა და მეგობრობის მოპოვება.