საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ჯანდაცვის მინისტრს წერილობით მიმართა და ბრძანებაში ცვლილების შეტანა სთხოვა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ასოციაციის პრესსამსახურში განუცხადეს, 2010 წლის 16 აგვისტოს საიას სამართლებრივი დახმარების თხოვნით მომართა მოქალაქე ბ.ზ.-მ.
განმცხადებელი განეკუთვნებოდა „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, დაღუპულთა მშობლის კატეგორიას. მას 1993 წელს აფხაზეთში ორი შვილი დაეღუპა.
მოქალაქე ბ.ზ.-მ 2010 წლის აგვისტოში შემთხვევით გაიგო, რომ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე მას აქვს უფლება თითოეულ დაღუპულ შვილზე მიიღოს პენსია 55 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ბრძანების თანახმად, სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირებაზე კომპეტენტური ორგანოა სოციალური მომსახურების სააგენტო. ბრძანების 7-ე მუხლის თანახმად კი „სახელმწიფო დახმარების დანიშვნა ხორციელდება სააგენტოში განცხადების წარდგენისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან."
საიაში ინფორმაციის შემოსვლისთანავე, საიას თავმჯდომარემ ჯანდაცვის მინისტრს წერილობით მიმართა და ზემოაღნიშნულ ბრძანებაში ცვლილების შეტანა სთხოვა.
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მშობლებს, შესაძლებლობა მისცემოდათ, აეღოთ ბრძანებით დადგენილი დახმარება 2010 წლის 10 იანვრიდან.
საიას თხოვნა დაკმაყოფილდა და მინისტრის 2010 წლის 11 იანვრის #4 ბრძანებაში შევიდა ცვლილება. ცვლილების თანახმად, „სახელმწიფო დახმარების დანიშვნისთვის საჭირო დოკუმენტ(ებ)ის არაუგვიანეს 2011 წლის 1 იანვრამდე წარდგენის შემთხვევაში, სახელმწიფო დახმარების გაცემა განხორციელდება 2010 წლის 1 იანვრიდან, სახელმწიფო პენსიის/სახელმწიფო კონპენსაციის დანიშვნისა და სტატუსის მინიჭების თარიღის მიუხედავად."