საქართველოს საგარეო უწყება საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მოწოდებას ეხმაურება. ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სარკოზის განცხადების სრული ტრანსკრიპტი არ არსებობს და შესაბამისად მასზე ოფიციალურ შეფასებას ვერ გააკეთებს. თუმცა ძალის არგამოყენების შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით კალანდაძემ განმარტა, რომ საქართველო ნებისმიერ დროს მზად არის მსგავსი ტიპის შეთანხმება გააფორმოს, მხოლოდ ერთი პირობით - შეთანხმება მხოლოდ "რეალურ აგრესორ რუსეთის ფედერაციასთან" უნდა გაფორმდეს".
"ჩვენც მოვისმინეთ სარკოზის განცხადება, თუმცა, სამწუხაროდ, არ არსებობს ამის ოფიციალური ტრანსკრიპტი ამიტომ ოფიციალური შეფასებისგან თავს შევიკავებთ, თუმცა ძალის გამოუყენებლობას რაც შეეხება, საქართველოს მზაობა დეკლარილებულია იმის თაობაზე, რომ დაიდოს ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულება, ისევე როგორც, ძალის არგამოყენებას გულისხმობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ამისთვის, ერთადერთი პირობა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს, არის ის, რომ ძალის არგამოყენების შესახებ საუბარი შეიძლება მხოლოდ იმ აგრესორ სახელმწიფოსთან, რომელიც არის რეალურად აგრესორი და რომელსაც ასევე უწევს ამ ვალდებულების დაცვა. როდესაც რუსეთის ფედერაცია მზად იქნება, ჩვენთან ამ ტიპის ხელშეკრულება გააფორმის, საქართველო უკან არ დაიხევს", - განაცხადა კალანდაძემ და დასძინა, რომ ქართულ მხარეს წამოყენებული აქვს პირობა და "ძალის არგამოყენების თემატიკაზე უფრო დეტალებში საუბარი დაიწყება მაშინ, როცა დაიწყება საქართველოს დეოკუპაცია". მისი თქმით, დეოკუპაციაში არ იგულისხმება რუსი სამხედროების პერევიდან გასვლა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საქართველოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისაკენ მოუწოდა. ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა დოვილში, ფრანგულ-რუსულ-გერმანული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ვფიქრობ, დიპლომატიამ ყოველთვის უნდა იზეიმოს ძალადობაზე გამარჯვება. ჩემი აზრით, ახლა საჭიროა ზრუნვა ტყვეების დაბრუნებაზე. საქართველომ უნდა აიღოს ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის გარანტიების შესახებ", _ განაცხადა სარკოზიმ და დასძინა, რომ კონფლიქტის მოგვარება არ გულისხმობს სამხედრო დაპირისპირების მეთოდებს _ "სწორედ დისკუსიების ურთიერთგაგებისა და მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი მსგავსი კონფლიქტების მოგვარება - ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული", _ განაცხადა სარკოზიმ.