ჩეჩენი მებრძოლები, რომლებმაც პარლამენტის შენობაზე იერიში მიიტანეს, მებრძოლების ახალი ლიდერის, ჰუსეინ გაკაევის დაქვემდებარებაში შედიოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ჩეჩნეთის შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
"ჩვენი შეფასებით, დღევანდელი აქცია, რომლის მიზანიც ჩეჩნეთის პარლამენტის ხელმძღვანელობის განადგურება იყო, გაკაევის დაგეგმილია, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დემონსტრაციულად გამოვიდა დოკუ უმაროვის დაქვემდებარებიდან", _ აცხადებს ჩეჩნეთის შს სამინისტროს ექსპერტი ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით და დასძენს, რომ პარლამენტზე თავდასხმა და მისი ხელმძღვანელობის განადგურება არის მცდელობა ერთპიროვნულ ლიდერად თავის წარმოჩენისა და საზღვარგარეთ, სპონსორებისათვის გარკვეული სიგნალის გაგზავნა.
აღსანიშნავია, რომ ჩეჩნეთის პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია 17 კაცი. აქედან 6 სამართალდამცავია, 11 კი - სამოქალაქო პირი.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის პარლამენტის ტერიტორიაზე დღეს ტერორისტ-თვითმკვლელების თავდასხმა მოხდა. დილით, როდესაც დეპუტატები თავიანთი ავტომობილებით პარლამენტის შენობის ეზოში შედიოდნენ, მათთან ერთად ტერორისტების სავსე ავტომობილიც შევიდა. ერთ-ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა, ორმა ტერორისტმა პარლამენტის შენობამდე მიღწევა შეძლო. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა პარლამენტის ტერიტორიაზე რამდენიმე წუთს მიმდინარეობდა. პარლამენტის შენობიდან მთელი სამოქალაქო პერსონალის ევაკუაცია მოხდა. მებრძოლების განადგურების ოპერაციას ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ხელმძღვანელობდა.