"ახალი მემარჯვენეები" ამ ეტაპზე ქუჩის საპროტესტო აქციების გამართვის ალბათობას გამორიცხავენ. ამის შესახებ დღეს, "კავკასიის ინტერნეტმედიაკლუბში" სტუმრობისას, პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძემ იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყება მოხერხდება და პოზიტიური შედეგითაც დასრულდება. შესაბამისად, გამყრელიძის აზრით, ამ ეტაპზე საპროტესტო აქციები არ იგეგმება.
"ხელისუფლების შეცვლის საუკეთესო მეთოდია არჩევნები და არა რევოლუცია, ხოლო იმ პარტიებმა, რომლებიც ასე არ ფიქრობენ, საჭიროა მეტი არგუმენტაცია და მკაფიო გეგმა წარმოადგინონ იმის შესახებ, თუ როგორ აპირებენ ხელისუფლების შეცვლას არჩევნების გარეშე", - აღნიშნა გამყრელიძემ და დასძინა, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატორ პარტიებს ხელისუფლების კეთილი ნების იმედი აქვთ.
"საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლამაც ხელისუფლებაზე გარკვეული ზეგავლენა უნდა მოახდინოს", - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 8 ოპოზიციური, კვალიფიციური პოლიტიკური ძალა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვენ და მზად არიან, ამ საკითხზე ხელისუფლებასთან ისაუბრონ.