ნაცვალგების პრინციპით გახსნილი ქვეყნებიდან შესრულებული რეისებით, 22 ივლისი – 15 აგვისტოს პერიოდში საქართველოში 1 236 ადამიანი შემოვიდა, რაც ჯამური მგზავრთნაკადის 56%-ია, აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
მისი თქმით, 22 ივლისი – 15 აგვისტოს პერიოდის მონაცემებით, ნაცვალგების პრინციპით გახსნილი ქვეყნებიდან 14-მა რეისმა დააგენერირა 2 200-ზე მეტი მგზავრი, რაც უტოლდება ჯამური მგზავრთნაკადის 56%-ს.
"ბუნებვრივია, დღეს ყველა ვიაზრებთ, რომ ეს მინიმალური მაჩვენებელია იმასთან შედარებით, რაც შეიძლებოდა ჩვენ გვქონოდა, რომ არა პანდემია, თუმცა ძალიან კარგი ტენდენციაა, რადგან შეინიშნება უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში ტურისტული მიზნებისთვის შემოსვლის ზრდის ტენდენცია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ქვრივიშვილის განცხადებით, ამ დრომდე აეროპორტში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
"აეროპორტში მიმდინარეობს შერჩევითი პრინციპით მგზავრთნაკადის ტესტირება. სახელმწიფოს მიერ ადგილზე მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა ტესტირების რეჟიმი იყოს კომფროტული და სწრაფი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში შემოდის. მოხარული ვართ, გაგაცნოთ, რომ აღნიშნული ტესტირებების საფუძველზე აღებული ყველა ნიმუში არის კოვიდნეგატიური", - განაცხადა ქვრივიშვილმა.