გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან განიხილა. ინფორმაციას გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი, შტეფან ზაიბერტი ავრცელენს.
ზაიბერტის განცხადებით, მერკლემა პუტინთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მინსკმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები.
ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიცისა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის დაწყება აუცილებელია არსებული კრიზისის დასაძლევად, რომელიც 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წარმოიშვა.
ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ანგელა მერკელმა განცხადება გასულ კვირასაც გაავრცელა, სადაც მან მკაცრად დაგმო მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ განხორციელებული ძალადობა და დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვა.
შეგახსენებთ, ხვალ, 19 აგვისტოს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები ბელარუსთან დაკავშირებით საგანაგებოდ შეიკრიბებიან.
მანამდე გაცხადდა, რომ ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვა დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ირლანდიამ.
15 აგვისტოს გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ბელარუსის ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.
ბელარუსში ერთ კვირაზე მეტია არ წყდება საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეებიც არ ეთანხმებიან 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ცესკო-მ გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოაცხადა.
გასულ დღეებში აქციების მონაწილეებს ძალოვანები სასტიკად გაუსწორდნენ. მომიტინგეთა წინააღმდეგ სამართლადამცველებმა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და მანათობელი ყუმბარები გამოიყენე.
დაიღუპა ორი ადამიანი, 200-ზე მეტი პირი დაშავდა. დაკავებულია 7 ათასამდე მოქალაქე.