ევროკავშირის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.
ეს განცხადება ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციის შემდეგ გააკეთა, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ბელარუსში მიმდინარე მოვლენებსა და მასზე ევროკავშირის რეაგირებას დაეთმო.
საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები არ ყოფილა თავისუფალი და სამართლიანი.
ევროკავშირი მოუწოდებს ბელარუსის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლის შეწყვიტოს ძალადობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და გაათავისუფლოს დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები.
საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალურ შეკრებაზე ბელარუსის ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაკისრებაზეც იმსჯელეს. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება სანქციების დაკისრების შესახებ.
ევროკავშირი შეადგენს იმ პირთა სიას, რომლებსაც ინდივიდუალური შეზღუდვები დაუწესდებათ. როგორც იუწყებიან მათ შორის ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი, ალიაქსანდრ ლუკაშენკაც მოხვდება.
ბელარუსში მეხუთე დღეა არ წყდება საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეებიც არ ეთანხმებიან 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ცესკო-მ გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოაცხადა.
აქციების მონაწილეებს ძალოვანები სასტიკად უსწორდებიან. მომიტინგეთა წინააღმდეგ სამართლადამცველები იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებსა და მანათობელ ყუმბარებს.
დაიღუპა ორი ადამიანი, 200-ზე მეტი პირი დაშავდა. დაკავებულია 7 ათასამდე მოქალაქე.