საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა დღეს ქალაქ დოვილში ფრანგულ-რუსულ-გერმანული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"მე ვთვლი, რომ დიპლომატიამ ყოველთვის უნდა იზეიმოს ძალადობაზე გამარჯვება. ჩემი აზრით, ახლა საჭიროა ზრუნვა ტყვეების დაბრუნებაზე. საქართველომ უნდა აიღოს ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის გარანტიების შესახებ", _ განაცხადა სარკოზიმ და დასძინა, რომ კონფლიქტის მოგვარება არ გულისხმობს სამხედრო დაპირისპირების მეთოდებს _ "სწორედ დისკუსიების ურთიერთგაგებისა და მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი მსგავსი კონფლიქტების მოგვარება - მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული", _ განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ.
შეგახსენებთ, რომ ამავე პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის დამკვირვებლების შეშვება სთხოვა.
სარკოზი ასევე მიესალმა რუსი ოკუპანტების საქართველოს სოფელ პერევიდან გასვლას ამ ფაქტს "მნიშვნელოვანი და პროგრესული ნაბიჯი" უწოდა და ამისათვის რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.