საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი რუსი ოკუპანტების საქართველოს სოფელ პერევიდან გასვლას მიესალმება და ამ ფაქტს "მნიშვნელოვან და პროგრესულ ნაბიჯს" უწოდებს. ეს განცხადება ნიკოლა სარკოზიმ დღეს დოვილში ფრანგულ-რუსულ-გერმანული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე და ამისათვის რუსეს პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს მადლობა გადაუხადა.
"ბატონ მედვედევთან გვქონდა საუბარი მოძველებული კონფლიქტების პრობლემებზე და საქართველოს საკითხზე. თქვენ იცით რომ 2008 წელს მასთან მოლაპარაკება არ იყო იოლი. დღევანდელ შეხვედრაზე მე ავღნიშნე, რომ პერევიდან ჯარის გაყვანა ძალიან მნიშვნელოვანი და პროგრესული ნაბიჯია. ამისთვის მე მას კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას", _ განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ.
შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს, ჟენევის მოლაპარაკებების მე-13 რაუნდის შემდეგ, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები უახლოეს მომავალში სოფელ პერევს დატოვებდნენ.