დღეს ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის გახდა. ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და მსახიობი ჯულიეტა ვაშაყმაძე 1933 წლის 14 აგვისტოს დაიბადა. საშუალო განათლება თბილისის პირველ ქალთა სკოლაში მიიღო, რომელიც 1952 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ
ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1958 წელს, როცა იგი ბოლო კურსზე იყო, ბატონ სერგო ზაქარიაძის რჩევით საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში განაგრძო სწავლა და 1960 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პარალელურად დაამთავრა სამსახიობო ფაკულტეტი.
საქართველოს ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან, ჯულიეტა ვაშაყმაძე იწყებს მუშაობას ჯერ დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად. სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.
დაქორწინებულია ტელერეჟისორ შალვა გაბუნიაზე, წყვილს ქალიშვილი და ორი ვაჟიშვილი ჰყავს — გიორგი, რომელიც ცნობილი ტელეწამყვანია და დათა - სატელევიზიო პროდიუსერი.
2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს: ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ლია მიქაძეს და შურიკო მაჭავარიანს.