საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მიიჩნევს, რომ 10-15 წლის შემდეგ რუსეთსა და ევროკავშირს შორის საერთო ეკონომიკურ სივრცე იქნება. მისივე თქმით, იქნება ასევე უსაფრთხოების საერთო კონცეფცია და უვიზო რეჟიმი.
"ჩემი პირადი აზრით 10-15 წლის შემდეგ მომავალი იქნება ასეთი: რუსეთსა და ევროკავშირს შორის იქნება საერთო ეკონომიკური სივრცე, სავიზო რეჟიმის გაუქმება და უსაფრთხოების საერთო კონცეფცია", _ განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ დოვილში რუსეთის პრეზიდენტთან და გერმანიის კანცლერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ხუთწლიანი შესვენების შემდეგ რუსეთის საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა "დიდი ტროიკის" ფორმატში მოლაპარაკებები განაახლეს. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარიზიდან 200 კილომეტრის მოშორებით, ლა-მანშის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქ დოვილში მსოფლიო პოლიტიკის საკითხებზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სამმხრივ შეხვედრაზე "ტროიკის" ლიდერები უახლოეს მომავალში დაგეგმილ მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ფორუმებზე იმსჯელებენ - ნატოს სამიტი ლისაბონში (19-20 ნოემბერი), ეუთოს სამიტი ასტანაში (1-2 დეკემბერი) და ევროკავშირისა და რუსეთის დიალოგი ბრიუსელში (7 დეკემბერი).