პრეზიდენტის პრეს-სპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, გასულ კვირას პარლამენტმა ქვეყნის ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომელიც ქმნის სრულიად ახალ მოდელს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ბალანსის თვალსაზრისით.
"კონსტიტუციის ცვლილებები გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. გასულ კვირას პარლამენტმა ქვეყნის ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომელიც ქმნის სრულიად ახალ მოდელს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ბალანსის თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ევროპული სტილის კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებს ძლიერ პარლამენტს, ძლიერ მთავრობას, რომელიც ხელისუფლეფის აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის პრეზიდენტის, როგორც არბიტრის მიერ იქნება შესრულებული და დარეგულირებული. მნიშვნელოვანია ის რომ საქართველოს პარლამენტი დაელოდა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას და ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ახალი კონსტიტუცია ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა," - აღნიშნავს მანჯგალაძე.
მისი განმარტებით, კონსტიტუციის ახალი მოდელის შემუშავება საკმაოდ რთული პროცესი იყო. მისი თქმით, წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტზე მუშოაბა, იყო დისკუსია და საკმაოდ მწვავე კამათიც, რაშიც პრაქტიკულად მთელი პოლიტიკური სპექტრი, ექსპერტები, არასამთოვრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ჯგუფები იყვნენ ჩართულები.
"პრეზიდენტი ამ ჩართულობისთვის ყველა მათგანს მადლობას უხდის" - ამბობს პრესპიკერი.