"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია თბილისში მყოფ აშშ-ის ატლანტიკის საბჭოს დელეგაციას საქართველოში საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ესაუბრა. ამის შესახებ პარტიის ოფისში, შეხედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ალასანიამ განმარტა, რომ მისი პარტიის ლიდერებმა საბჭოს წევრებს აუხსნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და ამ მიმართულებით ხელისუფლების პოზიცია. ალასანიას განცხადებით, ხელისუფლება მოლაპარაკებებზე აუცილებლად უნდა წავიდეს.
"საქართველოში საარჩევნო კოდექსის თვისობრივად შეცვლა აუცილებელია", - განაცხადა ალასანიამ.
ცნობისათვის, საქართველოში მყოფი ატლანტიკის საბჭოს დელეგაცია შეისწავლის საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და ამასთან დაკავშირებით, ანგარიშს წარუდგენს აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას.