ჩეჩნეთის პარლამენტში შეჭრილი ბოევიკების ლიკვიდირება 15-20 წუთში მოხდა. განცხადება ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
"ჩეჩნეთის პარლამენტში შეჭრილი ბოევიკების ლიკვიდაციის ოპერაცია დასრულებულია, იგი 15-20 წუთს მიმდინარეობდა. ჩატარდა სპეცოპერაცია, რომელის პარლამენტის შენობაში მყოფი დეპუტატებისა და ტექნიკური პერსონალის გათავისუფლებას ემსახურებოდა", _ განაცხადა კადიროვმა და დასძინა, რომ სპეცოპერაციის მსვლელობისას ყველა ანუ სამივე ბოევიკი განადგურებულია.
მისივე თქმით, დილით ბოევიკებმა პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე შეჭრის დროს ორი მილიციის თანამშრომელი მოკლეს ისინი შენობის დაცვის სამსახურში ირიცხებოდნენ.
"სპეცოპერაციას სპეცდანიშნულების რაზმების თორმეტი თანამშრომელი ატარებდა. პარლამენტის ყველა დეპუტატი ცოცხალია", _ აცხადებს რამზან კადიროვი.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის პარლამენტის შენობაზე დღეს ტერორისტ-თვითმკვლელების თავდასხმა მოხდა. დილით როდესაც დეპუტატები თავიანთი ავტომობილებით პარლამენტის შენობის ეზოში შედიოდნენ, მათთან ერთად ტერორისტების სავსე ავტომობილიც შევიდა. ერთ-ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა, რამდენიმე ტერორისტმა კი პარლამენტის შენობამდე მიღწევა შეძლო. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა პარლამენტის ტერიტორიაზე რამდენიმე წუთი მიმდინარეობდა. პარლამენტის შენობიდან მთელი სამოქალაქო პერსონალის ევაკუაცია მოხდა. მებრძოლების განადგურების ოპერაციას ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ხელმძღვანელობდა.
ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია სამი ხოლო დაჭრილია თხუთმეტი ადამიანი.