ჩეჩნეთის პარლამენტში მომხდარი - ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ რამზან კადიროვი სიტუაციას დედაქალაქშიც კი ვერ აკონტროლებს. აცხადებს რუსეთის ისლამისტური კომიტეტის ხელმძღვანელი ჰეიდარ ჯემალი ჩეჩნეთის პარლამენტზე მომხდარი თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას.
"ადამიანები შეიჭრნენ პარლამენტში _ ეს ძალიან თვალნათელი აქციაა, რომელიც იმას მოწმობს, რომ რამზანი მთლიანად ვერ აკონტროლებს სიტუაციას საკუთარ დედაქალაქშიც კი. ეს ძალიან დიდი დარტყმაა მის ავტორიტეტზე რომელიც ძალიან რთულად გადასატანია", _ აცხადებს ჯემალი.
მისივე თქმით, ეს თავდასხმა რა თქმა უნდა გამოიწვევს გაღიზიანებას მოსკოვში.
"იმიტომ, რომ რამზან კადიროვი ბევრს ლაპარაკობს იმაზე, რომ შაიტანები განადგურებულნი არიან, რომ მათგან მხოლოდ ნარჩენებია დარჩენილი და რომ ომი უკვე სრულდება - ომი კი როგორც გამოჩნდა გრძელდება და როგორც ჩანს კიდევ კარგა ხანი არ დასრულდება", _ აცხადებს ჰეიდარ ჯემალი და დასძენს, რომ შექმნილ სიტუაციაში ჯერ-ჯერობით გაურკვეველია ვინ იქნება პასუხისმგებელი და ვინ აიღებს ყოველივე ამას თავის თავზე.
"ეს შეიძლება იყოს კავკასიის იმარატიც - დოკუ უმაროვი და მისი ბიჭები და ეს ასევე შეიძლება იყოს ე.წ. სვეტური ჩეჩნური ოპოზიცია ანუ სეპარატიზმის აღორძინება - მით უფრო, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ისინი გამოცოცხლდნენ და მათთან რაღაც რესტრუქტურიზაციები მიდის", _ აცხადებს რუსეთის ისლამისტური კომიტეტის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის პარლამენტის ტერიტორიაზე დღეს ტერორისტ-თვითმკვლელების თავდასხმა მოხდა. დილით როდესაც დეპუტატები თავიანთი ავტომობილებით პარლამენტის შენობის ეზოში შედიოდნენ, მათთან ერთად ტერორისტების სავსე ავტომობილიც შევიდა. ერთ-ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა, ორმა ტერორისტმა პარლამენტის შენობამდე მიღწევა შეძლო. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა პარლამენტის ტერიტორიაზე რამდენიმე წუთი მიმდინარეობდა. პარლამენტის შენობიდან მთელი სამოქალაქო პერსონალის ევაკუაცია მოხდა. მებრძოლების განადგურების ოპერაციას ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ხელმძღვანელობდა.
ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია სამი ხოლო დაჭრილია ცამეტი ადამიანი.