რუსეთის შს მინისტრი რაშინ ნურგალიევი ჩეჩნეთის მეთაურთან რამზან კადიროვთან ჩეჩნეთის პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით საგანგებო თათბირს ატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის შს სამინისტროს პრეს-ცენტრი ავრცელებს.
რუსული მედია ასევე ავრცელებს დაუზუსტებელ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთის პარლამენტში შეჭრილი ბოევიკები განადგურებულნი არიან. მათივე ინფორმაციით, სპეცოპერაცია დასრულებულია: მოკლულია ერთი ბოევიკი, ორმა თავი აიფეთქა.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად აღნიშნული ინფორმაცია ჯერ ჯერობით არ დადასტურებულა.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის პარლამენტის ტერიტორიაზე ტერორისტთა-თვითმკვლელმა დღეს ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა. აფეთქების შედეგად, დაუზუსტებელი ინფორმაციით დაღუპულია ორი ადამიანი.
დილით როდესაც ჩეჩნეთის დეპუტატები თავიანთი ავტომობილებით პარლამენტის შენობის ეზოში შედიოდნენ, მათთან ერთად ტერორისტების სავსე ავტომობილიც შევიდა. ერთ-ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა, ორმა ტერორისტმა პარლამენტის შენობამდე მიღწევა შეძლო. ბოევიკები პარლამენტის შენობის ერთ ერთ განყოფილებაში გამაგრდნენ.
პარლამენტის შენობიდან მთელი სამოქალაქო პერსონალის ევაკუირება მოხდა. ბოევიკების განადგურების სპეცოპერაციას ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ხელმძღვანელობდა.