"რაღაცების მიჩქმალვა და ჩაფარცხვა უნდათ. ვახსენეთ თუ არა ფედერალური ბიურო, მაშინვე წაიშალა მისი Facebook გვერდი. ასე შეიძლება გაუხსნელად წაშალონ Facebook?! – ეს ხომ ზღაპარია. არ დავიხევ უკან, სტრასბურგშიც გავასაჩივრებ. არ გავჩერდები, ყველაფერს გავყიდი და სიმართლეს მაინც გავიგებ. ჩემი შვილის მეორედ სიკვდილს აღარ დავუშვებ". – ასე გამოეხმაურა თეონა თამაზაშვილი ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში საგამოძიებო მოქმედებებს.
თამარ ბაჩალიაშვილის დედა ამბობს: "რომც დამხვრიტონ, არასდროს დავიჯერებ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. ის ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა და ჰქონდა ძალიან ბევრი გეგმა".
"რაღაცეების მიჩქმალვა და ჩაფარცხვა უნდათ, მოვითხოვ ფედერალური ბიუროს ჩართვას, ვახსენეთ თუ არა ფედერალური ბიურო, ეგრევე წაიშალა ფეისბუქი. შეიძლება რომ გაუხსნელად წაშალონ ფეისბუქი, ეს ხომ ყველამ იცის. აქამდე იყო და უცებ წაიშალა, მოწმენდილ ცაზე, როცა უკვე ადვოკატი უნდა დასწრებოდა იმის გახსნას. ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანი იყო, რომ რაღაც სხვა სისტემებში შეაღწია, სხვა რაღაც ინფორმაცია მოიპოვა, რომლისაც ეშინოდა, ამით ჩვენ დაგვიცვა და თავისი თავი გაწირა", - ამბობს თეონა თამაზაშვილი.
თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ლეპტოპი ოჯახის ადვოკატის გარეშე გახსნა. მიხეილ რამიშვილის თქმით, მას კომპიუტერი დალუქული აღარ დახვდა. თუმცა ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, არის თუ არა მოწყობილობიდან ამოღებული რაიმე ინფორმაცია. პარალელურად, გაუქმდა თამარ ბაჩალიაშვილის Facebook გვერდი, მაგრამ რა მოტივით, გაურკვეველია.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან მანქანით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი კვალი თეთრიწყაროს ერთ-ერთ სოფელში წყდებოდა, სადაც ბოლოს სოფლის მცხოვრებლებმა ნახეს.
ის სამართალდამცველებმა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
21 ივლისს ბაჩალიაშვილის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა და პოლიციას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა. სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი 22 ივლისს ჩაერთო.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა.