საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა უარყოს საბჭოთა მემკვიდრეობა. ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ თბილისის სამხატვრო აკადემიაში, საბჭოთა რეპრესიებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის ესკიზური პროექტების ღია კონკურსის გახსნაზე განაცხადა.
"სიმბოლურია ადგილი, სადაც ახალი მემორიალი დაიდგმება. ათწლეულების განმავლობაში სტალინის ძეგლი ზევიდან გორს დაჰყურებდა. ძეგლი ისევე მოშორდა საქართველოს, როგორც მისი ჩრდილი", - აღნიშნა რურუამ და დასძინა, რომ თავისუფალ ქვეყანაში არ შეიძლება საბჭოთა ბელადებისა და კერპების ძეგლები იდგეს.
"ეს იქნება პოზიცია და განცხადება მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ საქართველო სრულად გათავისუფლდა საბჭოთა მემკვიდრეობისგან", _ აცხადებს მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში გორში სტალინის ძეგლის ადგილას განსათავსებელი საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალის 41 მაკეტი გამოიფინა. გამარჯვებული პროექტის ავტორი ნოემბრის დასაწყისში გამოვლინდება. მას ჯილდოდ 10 000 ლარი გადაეცემა.