საპარლამენტო უმრავლესობა პერევიდან რუსული ჯარის გაყვანას დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებენ, რომ ეს არის მცირე ნაწილი და პირობა ბოლომდე უნდა შესრულდეს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ვიცე სპიკერმა გიგი წერეთელმა დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
ბიუროს სხდომას დღეს სწორედ გიგი წერეთელი თავმჯდომარეობდა. როგორც გიგი წერეთელმა განაცხადა, შაბათ-კვირას საპარლამენტო უმრავლესობა საჩხერეში იმყოფებოდა აკაკი წერეთლის იუბილესთან დაკავშირებით და მათ მოინახილეს პერევში არსებული მდგომარეობაც.
"რუსეთის მიერ ჯარის პერევიდან გაყვანა მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ვალდებულებისა, რაც რუსეთს აქვს აღებული", _ აღნიშნავს წერეთელი და იმედოვნებს, რომ რუსეთი ამ აღებულ ვალდებულებას ბოლომდე შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მხრიდან პერევიდან ჯარის გაყვანასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გაკეთდა. ჯარის გაყვანის პროცესი დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით არ დასრულებულა.