"ხალხის პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე შალამბერიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროსთან დევნილებისთვის განკუთვნილი კარვები მან და "კონსერვატორმა" ლაშა ჩხარტიშვილმა მიიტანეს. ამის შესახებ შალამბერიძემ დღეს, სუბელიანის უწყების წინ გამართულ აქციაზე, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, კარვების სამინისტროს წინ გაშლა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ამინდები აირია და წვიმა წამოვიდა.
"ეს სუფთა ადამიანური მომენტი იყო, რომ ამ ხალხს წვიმაში ასე ვერ დავტოვებდით", - განაცხადა შალამბერიძემ.
კითხვაზე, ხომ არ ცდილობენ დევნილების პრობლემების გამოყენებას და ამ გზით პოლიტიკური ქულების ჩაწერას, შალამბერიძე პასუხობს, რომ აქციას დევნილები მართავენ და ის და ჩხარტიშვილი მათ მხოლოდ გვერდში უდგანან.
"ჩვენ ნაძირლები არ ვართ, რომ სხვისი პრობლემები გამოვიყენოთ. ნაძირლები არიან შალვა ქელბაქიანი, გორგოძე, კობა სუბელიანი და მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომლებიც ამ ხალხს აწამებენ. ეს ადამიანები დევნილებს თვალებში ვერ უყურებენ და ვერ ელაპარაკებიან", - აღნიშნა შალამბერიძემ.
მანვე, ისაუბრა იმ მიზეზბეზე რის გამოც არ ურჩევენ ის და ჩხარტიშვილი დევნილებს რეგიონებში სამინისტროს მიერ შეთავზებულ სახლებში გადასვლას. შალამბერიძის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ 4000 დევნილის თბილისში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოახდინოს და ბინები მათ საკუთრებაში გადასცეს.
"დევნილებს სთავაზობენ საცხოვრებელ სახლებს ფოცხოში, სადაც ტრანსპორტირება ძალიან რთულია. არ დადის ავტობუსი. ხალხს კი ჭერთან ერთად მუშაობა და სწავლა-განათლებაც სურს. ფოცხოს გარდა ასეთივე სიტუაციაა ზოგიერთ სხვა რაიონშიც ", - განაცხადა შალამბერიძემ და დასძინა, რომ დევნილებმა აქციების გამართვის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს და არა ვინმეს გავლენის გამო.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროსთან დევნილების საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორებიც ლაშა ჩხარტიშვილი და ალექსანდრე შალამბერიძე იყვნენ. როგორც დღევანდელ აქციაზე აღინიშნა, დევნილები უარს ამობებენ სამინისტროს მიერ რეგიონებში შეთავაზებულ სახლებზე და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას თბილისში ითხოვენ.