დიდ ბრიტანეთში, ბრისტოლში მონებით მოვაჭრის, ედუარდ კოლსტონის ქანდაკების ნაცვლად, ანტირასისტული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქალის ქანდაკება აღმართეს.
ახალი სკულპტურის ავტორი მარკ ქუინია, რომლის შთაგონების წყარო დემონსტრანტი ანტირასისტული მოძრაობის Black Lives Matter-ის ჯენ რიდი გახდა.
ქანდაკება ბრისტოლის მერიის შეუთანხმებლად აღმართეს, შესაბამისად უცნობია, ქალაქის ადმინისტრაცია დატოვებს თუ არა მას.
ედუარდ კოლსტონის ქანდაკება 2020 წლის 7 ივნისს თოკებით ჩამოაგდეს კვარცხლბეკიდან და წყალში ჩაადეს ანტირასისტული მოძრაობის Black Lives Matter-ის დემონსტრანტებმა, რომლებიც რასიზმსა და მონებით ვაჭრობასთან დაკავშირებული სიმბოლოების წინააღმდეგ გამოდიან.
მოგვიანებით, ქალაქის ადმინისტრაციამ კოლსტონის ძეგლი წყლიდან ამოიღო და მუზეუმში განათავსა.
აღსანიშნავია, რომ ედუარდ კოლსტონი მონებით ვაჭრობის გარდა, ერთხანს პარლამენტის წევრიც იყო და საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწეოდა. კოლსტონმა გარდაცვალების შემდეგ, მთელი თავისი ქონება, რომელიც ძირითადად მონებით ვაჭრობის შედეგად დააგროვა, ქველმოქმედებისთვის ქალაქს უანდერძა.