აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე სამხედრო კონფრონტაცია ჩვენს შეშფოთებას იწვევს. მოსკოვი მზად არის მხარეებს შორის შუამავლობა იკისროს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ორმხრივი სროლის გამო. მოვუწოდებთ მხარეებს, თავშეკავებისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ფარგლებში ვალდებულებების შესრულებისკენ.
მზად ვართ დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ურთიერთობების დარეგულირების განზრახვით, შუამავლის როლი ვიკისროთ. თქვენ უკვე იცით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აქტიურ კომუნიკაციაშია თავის კოლეგებთან, ბაქოსა და ერევანში", - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, 12 ივლისს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მესამე დღეა გრძელდება.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომეხმა სამხედროებმა მათ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის მხრივ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები არტილერიის გამოყენებით სომხური პუნქტის დაკავებას შეეცადნენ.
ბაქოს ინფორმაციით, დაიღუპა 11 აზერბაიჯანელი სამხედრო, მათ შორის გენერალი.
სომხური მხარის განცხადებით, დაღუპულია ორი და დაჭრილია ხუთი სამხედრო. აზერბაიჯანი და სომხეთი ვითარების გამწვავებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.