ამირან პაპინაშვილმა როტერდამის "გრან-პრი" მოიგო
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა როტერდამში მიმდინარე "გრან-პრის" ტურნირი მოიგო.
მან ხუთი მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალთან ერთად ლონდონის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო რეიტინგში 200 ქულაც ჩაიწერა.
პირველი გამარჯვება მასპინძელ ძიუდოისტ მარჩიანო ლატინგასთან მოპოვა იპონით. იპონითვე ჩამოიშორა რუსი ევგენი კუდიაკოვიც. ბრიტანელი ეშლი მაკკენზი ვაზარით და იუკოთი დაამარცხა. ნახევრფინალში კანადელ სერჯიო პესოას ვაზარით მოუგო, ხოლო ფინალში იპონით (სუფთა გამარჯვება), საკმაოდ ტიტულოვანი ავსტრიელი ძიუდოისტი ლუდვიგ პაიშერი დაამარცხა.
ამავე წონით კატეგორიაში გამოდიოდა დავით ასუმბანიც, თუმცა ის გრანპრის საწყის ეტაპზევე გამოეთიშა.
66 კილოგრამში საქართველოს სახელით უჩა ხუციშვილმა და შალვა ქარდავამ იჭიდავეს. საწყის ეტაპს ვერც ერთი ვერ გასცდა.
დღეს, გამარჯვებულები მამაკაცთა 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში და ქალთა 63 და 70 კილოგრამებში გამოვლინდებიან.
ნუგზარ ტატალაშვილი და ზაზა კედელაშვილი (ორივე 73 კგ) ერთ ბადეში მოხვდნენ და მათი გზები მეოთხედფინალში იკვეთება. იქამდე კი ორ-ორი მოწინააღმდეგე უნდა ჩამოიცილონ. ტატალაშვილს პირველ მეტოქედ იტალიელი ლუჩა პოეტა ერგო. კედელაშვილს - ებრაელი იოსებ პალელაშვილი. 81 კილოგრამში ლევან წიკლაური და იოსებ წელაური მოირგებენ კიმონოს. წელაური გრან-პრის ფინელი ანტი ვირტათი გახსნის და გამარჯვების შემთხვევაში კანადელ კალემ კაჩურს დაეჭიდება. წიკლაური კი პირდაპირ მეორე წრით და თურქი ჰალილ ოზერლერით დაიწყებს.