შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანაში ძეგლთა დაცვის შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ პრეზიდენტი მიკრობლოგ "ტვიტერზე" წერს.
"მქონდა პრივილეგია ხელი მომეწერა მეტად მკაცრი აღმასრულებელი განკარგულებისთვის, რომელიც დაიცავს შეერთებულ შტატებში არსებულ მონუმენტებს, მემორიალებსა და ქანდაკებებს კრიმინალური თავდასხმებისგან. ჩვენი დიდებული ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ამ დიდი უკანონობისთვის ხანგრძლივი პატიმრობაა მოსალოდნელი", - წერს დონალდ ტრამპი.
შეერთებულ შტატებში მასობრივი საპროტესტი აქციები შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელსაც პოლიციელი დაკავების დროს 8 წუთის განმავლობაში მუხლით კისერზე აწვებოდა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
მოგვიანებით, პროტესტმა ფართო მასშტაბებიმ მიიღო და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი სხვადასხვა ისტორიული პირების ქანდაკებების წინააღმდეგ გამოდიოდა. ზოგიერთ შემთხვევაში ქანდაკებებს საპროტესტო აქციის მონაწილეები აზიანებდნენ, ან იღებდნენ კვარცხლბეკიდან.