საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას საპარლამენტო უმრავლესობა ისტორიულ მოვლენას უწოდებს. მათი განცხადებით, ეს ცვლილებები სწორედ დღევანდელ პარალმენტს უნდა განეხორციელებინა და სხვას არავის. ამის შესახებ განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებისას გაკეთდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ მას ახსოვს, როგორი ერთიანი იყო 2008 წლის 9 და 11 აგვისტოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შეკრებილი პარლამენტი და მიაჩნია, რომ ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღების უფლება სწორედ ამ ერთიანობის მატარებელ ხალხს ჰქონდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გოკა გაბაშვილმა აქცენტი საკონსტიტუციო ცვლილების მიღების პროცედურაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პროექტის შემუშავება მოხდა ოპოზიციისა და ხელისუფლების კონსენსუსით და რაც მთავარია ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობით.
"ეს კონსტიტუცია არის გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს და კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას", - აცხადებს გაბაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი აქცენტს თავად ცვლილებების შინაარსზე აკეთებს და აცხადებს, რომ პროექტი პასუხობს ორ მთავარ ამოცანას. ეს არის "მაქსიმალურად დაბალანსებული ხელისუფლება, რაც არის ევროპული მოდელი და მთავრობის სტაბილურობის მიღწევა".
ასეთივე განცხადებები გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის და პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მხრიდანაც.
ბაქრაძემ ოპოზიციას ისიც შეახსენა, რომ საზოგადეობისთვის მიცემული პირობა ბოლომდე შეასრულა.