საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების აღფრთოვანებას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით არ იზიარებს. მათი განცხადებით, ხელისუფლება ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ პროექტის მიღება ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მოხდა. ამის შესახებ განცხადებები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ჯონდი ბაღათურიამ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ და გია ცაგარეიშვილმა დღეს სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრისას განაცახდეს.
"გასაკვირია ჩემი კოლეგების აღფრთოვანება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნამ მესამე მოსმენისთვის ჩამოგვისწრო. ასეც რომ ყოფილიყო, მესამე მოსმენისთვის არაფერი იცვლება და თანაც, მაინტერესებს, სად არის ეს დასკვნა გამოქვეყნებული", - განაცხადა ბაღათურიამ.
ბაქრაძეს იმავე კითხვით მიმართა ლორთქიფანიძემაც და აღნიშნა, რომ მან ვენეციის კომისიის ვებგვერდზე აღნიშნული დასკვნა ამ წუთებამდე ვერ ნახა. ბაქრაძემ განაცხადა, რომ იგი პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ამ დასკვნის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, თუმცა პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ ვენეციის კომისიის სხდომა დილით ჩატარდა და ეს დაკსვნა არსებობს.
ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ვიდრე დასკვნა არ გამოქვეყნებულა, იმაზე საუბარი, რომ ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დადებითად აფასებს, არ შეიძლება.
"ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას ითქვა, რომ შენიშვნები აისახებოდა სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით და ეს შენიშვნები, რაც ამ დასკვნაში უნდა აისახოს, არ იძლევა იმის საშუალებას რომ საერთო ჯამში პროექტი დადებითად იქნას შეფასებული", _ განაცხადა მან.
ცაგარეიშვილი 2004 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მაშინაც ასეთივე პათეტიკური გამოსვლებით იქნა მიღებული ცვილებები, რომელმაც ქვეყანა საშინელ შედეგებამდე მიიყვანა.
"პათეტიკა არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური გუნდის მიერ მოწონებული პროექტის გამო და თქვენ გინდათ, ეს ისე წარმოადგინოთ, რომ ეს არის ერის და ბერის მიერ მიღებული. სამწუხაროდ ეს ასე არ არის და ვისურვებდი, რომ კონსენსუსისთვის მიგვეღწია", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.