საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტი დამტკიცდა 112 ხმით 5-ის წინააღმდეგ.
პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში საერთო ჯამში 44 ცვლილება შევიდა. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა ახლებური ბალანსი ყალიბდება. პრეზიდენტის ინსტიტუტი, არსებულთან შედარებით, მკვეთრად შესუსტდა. პრეზიდენტის ძალაუფლების უმეტესობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობაზე გადავიდა. გაძლიერდა პარლამენტის როლი მთავრობის დაკომპლექტებასთან მიმართებაში.
საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი გამოქვეყნებდან მე-15 დღეს ამოქმედდება, ნაწილი კი 2011 წლის 1-ლი იანვრიდან. სახელისუფლო შტოებს შორის ახლებური ურთიერთობების საკითხები, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა ძალაში.
პარლამენტმა ვენეციის კომისიის ის რეკომენდაცია, რომ პროექტი მათი საბოლოო დასკვნის მიღებამდე არ დამტკიცებულიყო, საბოლოოდ გაითვალისწინა და მესამე მოსმენით კენჭისყრა ვენეციის კომისიის სხდომის შემდეგ გამართა. თუმცა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.
საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ ეს დასკვნა დადებითია. ვენეციის კომისიის წინასწარ გამოქვეყნებულ მოსაზრებებში ნათქვამია, რომ კომისია პროექტს წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს, მაგრამ მიიჩნევს, რომ რამდენიმე საკითხი მაინც დასარეგულირებელია.
კერძოდ, კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით,Yპარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება საკმაოდ რთულია. საკითხის დაყენება პარლამენტის ნაკლებ შემადგენლობას შეუძლია, თუმცა, თუ პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს ვერ დაამტკიცებს, რისთვისაც უფრო მეტი ხმებია საჭირო, ვიდრე უნდობლობის საკითხის აღძვრისთვის, პრეზიდენტს შეუძლია, პარლამენტი დაითხოვოს.
ექსპერტებს ეს მუხლი უმოქმედო მუხლად მიაჩიათ და ამბობენ, რომ დათხოვნის შიშით, პარლამენტი ყოველთვის მოერიდება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დაწყებას.
საპარლამენტო ურმავლესობაში კი, ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის მდგრადობის შენარჩუნებით ხსნიან და როგორც აღნიშნავენ, თუ უნდობლობის პროცესი მარტივი ექნება, ეს ქვეყანაში მთავრობის ხშირ ცვლილებას გამოიწვევს, რაც მხოლოდ ქვეყანას ავნებს.
ვენეციის კომისიის Mმეორე ძირითადი შენიშვნა მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვნას ეხება, თუმცა ეს შენიშვნაც არ იქნა გათვალისწინებული.
საპარლამენტო ურმავლესობაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ერთი წლის განმავლობაში აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობდა ვენეციის კომისიასთან და ბევრი შენიშვნა გაითვალსიწინა, თუმცა ყველაფრის გათვალისწინებას საქართველოს არავინ ავალდებულებს.
საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა პარლამენტს კენჭისყრა გადაედო და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაეთვალისწინებინა, თუმცა ასე არ მოხდა და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე დამტკიცებულია.