საქართველოს პრეზიდენტმა ჩილეს რესპუბლიკის პრეზიდენტს მაღაროელების ამოყვანის ოპერაციის წარმატებით დასრულება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა ჩილეს რესპუბლიკის პრეზიდენტს მაღაროელების ამოყვანის ოპერაციის წარმატებით დასრულება მიულოცა. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"თქვენო აღმატებულებავ, მაქვს პატივი, საქართველოს მთავრობის, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით მოგილოცოთ 69-დღიანი მოლოდინის შემდეგ 33 მაღაროელის მიწისქვეშიდან ამოყვანის წარმატებული ოპერაცია.
მინდა ავღნიშვნო თქვენი უმნიშვნელოვანესი როლი ამ ისტორიული ოპერაციის განხორციელებაში, რომლის საშუალებითაც მაღაროელებს სიცოცხლე დაუბრუნდათ. ეს მიღწევა სიამაყითა და სიხარულით ავსებს სრულიად ჩილეს მოსახლეობას. ამ გამოწვევის წინაშე ჩილელი ერის ერთსულოვნება მთელი მსოფლიოსათვის სამაგალითოა", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი პირველივე დღიდან თვალყურს ადევნებდა მაღაროელების გადარჩენასთან დაკავშირებულ პროცესებს და "ამ ისტორიულ დღეს ერთსულოვნად ვიზიარებთ მაღაროელების, მათი ოჯახებისა და ჩილელი ხალხის სიხარულს".