ამერიკელი კონგრესმენი, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი, რესპუბლიკელი ადამი კინზინგერი, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მხარდაჭერას მიკრობლოგ "ტვიტერში" ეხმიანება.
"გილოცავ საქართველო! გრძელი გზა გავიარეთ, მაგრამ ამად ღირდა. მივმართავ პრემიერ-მინისტრ გახარიას, სპიკერ თალაკვაძეს, ოპოზიციის ლიდერებსა და საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ", - წერს კონგრესმენი.
136 ხმით პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 142-მა დეპუტატმა გაიარა.
დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ოპოზიციურმა ფრაქციებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.
კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.
ამასთან, კანონპროექტი უშუალოდ ადგენს 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების გათვალისწინებით. ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება პარტიას, რომლის მხარდაჭერა დადასტურებული იქნება არანაკლებ 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით.
2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.