"არსებული რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ხელისუფლებაში მოსვლას არ ვგეგმავ", - ამის შესახებ "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში.
ოქრუაშვილის განცხადებით, მისი და ახალი პოლიტიკური გუნდის სხვა ლიდერების მიზანია არსებული ხელისულების შეცვლა და ქართველი კაცის ოცნების აღდგენა, რომ წელში გამართული დადიოდეს თავის ქვეყანაში.
"თუ ვინმე მე არ მენდობა, ენდოს ლევანს; თუ არც ერთს არ გვენდობა, ენდოს სოზარ სუბარს; ამ ფორმატით გპირდებით, რომ ჩვენ ამ რეჟმს დავამთავრებთ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ; რეჟიმის დამთავრების შემდეგ კი, ქართული პოლიტიკა, თავისი სტატუსებით, შესაბამისი რეგალიებითა და სკამებით მშვიდობაში მოახმაროს ღმერთმა ყველას, შალიკოდან დაწყებული ბურჯანაძით დამთავრებული", - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ახალ პოლიტიკურ ძალას, ოქრუაშვილის თქმით, პარტია მარტო რეჟიმი დასრულებისთვის არ იქმნება; მას ექნება საკმაოდ შორსმიმავალი გეგმები ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის თვალსაზრისით.
"რეჟიმის დამთავრება არ არის კრიზისიდან გამოსვლის ინსტრუმენტი, რეჟიმის დასრულების შემდეგ ქვეყნიდან ბევრი ნაგავი იქნება გასატანი", - დასძინა მან.