ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას უსაფრთხოებას სახელმწიფო დაცვაც უზრუნველყოფს. ამის შესახებ ტელეკომპანია "მთავარი" იტყობინება.
"გიორგი გაბუნიას სახელმწიფო დაცვა დაიცავს - "მთავარი არხის" ჟურნალისტმა, იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიიღოს პროკურატურის შეთავაზება და შესაბამისად, ის არის თანახმა, რომ პირად მცველებთან ერთად მის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლებმა იზრუნონ", - იუწყება ტელეკომპანია.
სახელმწიფო დაცვის შეთავაზება გაბუნიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიღო, სადაც ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დავალებით იგეგმებოდა.