2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 205.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1 235.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (16.2 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 2 970.1 მლნ. აშშ დოლარს (17.0 პროცენტით ნაკლებია).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-მაისში, 1 734.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია.
2020 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (168.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (167.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (157.1 მლნ. აშშ დოლარი).