საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა გრიგოლ ვაშაძემ და ელმარ მაედიაროვმა მთიან ყარაბაღში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.
ამის შესახებ მინისტრებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გარდა კონფლიქტური რეგიონებისა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, მათ შორის ენერგეტიკის, ტურიზმისა და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.
"უპირველესი მიზანია საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული, სტრატეგიული, მოკავშირეული ურთიერთობების გაღრმავება, რომელიც გამყარებულია ჩვენი პრეზიდენტების მეგობრობით. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტზე, ენერგეტიკაზე ტურიზმზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე და რა თქმა უნდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე", - აღნიშნა ვაშაძემ.
თავის მხრივ მამაედიაროვმა დასძინა, რომ ქართველ კოლეგას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. კერძოდ კი, რა ვითარებაა და როგორ მიმდინარეობს სომხეთთან მოლაპარაკები.
"ჩემს კოლეგას დეტალური ინფორმაცია მივაწოდე მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, რადგან ეს კონფლიქტი საფრთხეს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთლიანი რეგიონისთვის შეიცავს. თავის მხრივ გრიგოლ ვაშაძემ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება გამაცნო", - განაცხადა მამედიაროვმა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი თბილისს გუშინ ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში იგი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს შეხვდება. მამედიაროვი საქართველოს დღეს, 20:00 საათზე დატოვებს.