საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დაბრუნდა პალერმოდან, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიგი წერეთლის ხელმძღვანელობით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში მონაწილეობდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სესიის მთავარი თემა ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუპციასთან ბრძოლა იყო.
სესიაში ეუთოს წევრი 56 ქვეყნის 200-ზე მეტი პარლამენტარი, ეუთოს ხელმძღვანელობა, იტალიის სენატისა და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეები, კაბინეტის წევრები, მათ შორის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.
სხდომაზე, საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე, სიტყვით გამოვიდა გიორგი წერეთელი.
მან აღნიშნა, რომ ეს თემები ყველა ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად სწორედ ეს პრობლემები წარმოადგენს ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის მოშლის საფუძველს და აფერხებს ქვეყნის განვითარებას.
"დისკუსიები და კონსენსუსი არ არის საკმარისი ამ პრობლემის დასაძლევად. მთავარია, კონკრეტული ნაბიჯები, ეფექტური მექანიზმების ამოქმედება და კანონის უზენაესობის დამყარება,"-განაცხადა წერეთელმა.
მანვე სესიის მონაწილეებს გააცნო ის რეფორმები და მეთოდოლოგია, რაც გახდა საფუძველი საქართველოში მიღწეული ყოფილიყო მნიშვნელოვანი შედეგები ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის საქმეში. ასევე, სტატისტიკური მონაცემები, დანაშაულის დინამიკა, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების მონაცემები, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. განსაკუთრებით ხაზი გაესვა სახელმწიფო სექტორში კორუფციის პრევენციას და ქვეყანაში
გატარებულ ზომებს.
გიგი წერეთელმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მაღალი რისკების, ტრასნაციონალური დანაშაულის, მათ შორის იარაღის, ნარკოტიკების, კონტრაბანდული საქონლის, რადიაქტიული ნივთიერებების უკანონო გადაზიდვების საფრთხის შესახებ. კონკრეტულ მაგალითებს შორის დასახელდა სამხრეთ ოსეთიდან ყალბი ვალუტის გავრცელება და სხვა. G
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური რეფორმები, მმართველობის ეფექტური და გამჭვირვალე მოდელი, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიის გაძლიერება.