ნატოს ექსპერტებმა საქართველოში ოფიციალური შეხვედრები დაასრულეს. ექსპერტები თბილისიდან დღეს გამთენიისას გაემგზავრნენ.
ნატოს ექსპერტები უახლოეს კვირებში გამოაქვეყნებენ დასკვნას, რომელიც საქართველოში მიმდინარე რეფორმების ერთგვარი შეფასება იქნება.
სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ ეს დასკვნა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე ლისაბონის სამიტისთვის, რადგანაც დასკვნაში საუბარი იქნება იმ შედეგებზე, რომელთაც ქვეყანამ გატარებული რეფორმების კუთხით მიაღწია.
"პროცესი რასაც ქვია საქართველოს წლიური ნაციონალური პროგრამის ნატოსთან ინტეგრაციისა, ხორციელდება და ეს არის მეორე წლის დაგვირგვინება. ყველა შეხვედრამ ჩაიარა ძალიან კარგად და პრაქტიკულად არანაირი პრობლემური საკითხი ჩვენ არ გაგვაჩნია", _ აცხადებს გიორგი ბარამიძე.
შეგახსენებთ, რომ ნატოს სამუშაო ჯგუფი საქართველოს 12 ოქტომბერს ეწვია. დელეგაციამ საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შესრულების საკითხები შეაფასა.
მასალის გამოყენების პირობები