რუსული ჯარი სოფელ პერევს უახლოეს დღეებში დატოვებს. სოფელში რუსული საგუშაგოს მოსალოდნელი გაუქმების შესახებ ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.
"კარგი ამბავი სტაბილურობისათვის", _ ასე უწოდა მან რუსული მხარის გადაწყვეტილებას.
ჟენევაში მყოფი ქართული დელეგაციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ რუსულ მხარეს პერევიდან ჯარის გაყვანის ვალდებულება რუსეთს დიდი ხნით ადრე უნდა შეესრულებინა და ეს არის პირველი ნაბიჯი საქართველოს დეოკუპაციის გზაზე.
"ეს არის ვალდებულება, რომელიც რუსეთს აქვს აღებული ძალიან დიდი ხანია. მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი ამ საკითხის გადაწყვეტას აჭიანურებდნენ და ახლა უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ ეს გააკეთონ და სოფლის გარეთ გადაიტანონ თავიანთი შეიარაღებული ძალების ის პუნქტი რომელიც ეხლა მათ სოფელში უდგათ. ეს მნიშვნელოვანია იმ ხალხისათვის ვინც პერევში ცხოვრობს და ზოგადად თითოეული სოფლის დეოკუპაცია არის პირველი ნაბიჯი. და ეს არის პირველი ნაბიჯი იმ გრძელ გზაზე რასაც საქართველოს დეოკუპაცია და აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის ჯარის გაყვანა ქვია", _ აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი სერგი კაპანაძე.