დღეს, 15 ოქტომბერს, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენა და შესაბამისად ახალი კონსტიტუციის დამტკიცება იგეგმება.
კენჭისყრა 12 ოქტომბერს იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ პარლამენტმა ახალი კონსტიტუციის მესამე მოსმენა, 15 ოქტომბრისათვის გადადო.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით კენჭისყრის გადადების საკითხი პარლამეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ მოითხოვა, რომ დეპუტატებს მისცემოდათ რამდენიმე დღე იმისთვის, რათა პროექტის საბოლოო დამტკიცებამდე დარწმუნებულიყვნენ აისახა თუ არა შეთანხმებები ცვლილებების პროექტში.
"ჩემი სურვილია რომ ყველა ის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა სულყოფილად აისახოს ტექსტში და არ დარჩეს არანაირი გაუგებრობები. ამიტომ ავიღოთ დრო", - განაცხადა დავით ბაქრაძემ და დასძინა, რომ პარლამეტის პროცედურა აღნიშნულის საშუალებას იძლეოდა.
კენჭისყრის გადადებამდე რამოდენიმე დღით ადრე ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა მის საბოლოო რეკომენდაციებს დალოდებოდა.
ვენეციის კომისია საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმას 15 ოქტომბრის სხდომაზე განიხილავს და საბოლოო რეკომენდაციებს მიიღებს.
ვენეციის კომისიის მსგავსი მოწოდება 12 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებაც გააკეთეს, რომელთაც მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ ეჩქარა ახალი კონსტიტუციის მიღება.