ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებს შეხვდა.
როგორც ბარამიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქართული მხარე მზადაა უკრაინას რეფორმების კუთხით გამოცდილება გაუზიაროს.
"მოხარულები ვართ გავუზიაროთ ჩვენი წარმატებული რეფორმების გამოცდილება და ვიყოთ უფრო მჭიდრო კონტაქტში ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან, მეგობრებთან. ამით ხელი შევუწყოთ ჩვენს შორის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანაშრომლობის გაღრმავებას", - განაცხადა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისს უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენლები 13 ოქტომბერს ესტუმრნენ. დელეგაციას უკრაინის უმაღლესი რადას სამრეწველო-მარეგულირებელი პოლიტიკისა და სამეწარმეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნატალია კოროლევსკაი ხელმძღვანელობს.
ვიზიტის ფარგლებში უკრაინელი დეპუტატები შემოსავლების სამსახურის უფროს გიორგი ცხაკაიას და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიას შეხვდნენ.