"სააკაშვილის რეჟიმი ვერა და ვერ მშვიდდება" _ ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას ჩრდილო კავკასიის მაცხოვრებელთათვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ და მას პროვოკაციას უწოდებს.
ლავროვის უწყება ღიად აცხადებს, რომ მათ პრობლემა მიხეილ სააკაშვილთან აქვთ და იმუქრება, რომ აღნიშნული ინიციატივა შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებისათვის დამატებით პრობლემებად იქცეს.
"საქართველოს ხელისუფლების მიერ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება ჩრდილო კავკასიაში მაცხოვრებელი რუსეთის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ შეუძლებელია სხვაგვარად შეფასდეს თუ არა პროვოკაცია. თავად მცდელობა იმისა, რომ რუსეთის მოსახლეობა სხვა და სხვა კატეგორიებად დაყო ცივილიზებული სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს ეწინააღმდეგება", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ამას გარდა, სერგეი ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "ამ გადაწყვეტილებაში ნათლად ჩანს თბილისის მცდელობა მოახდინოს ჩრდილო კავკასიაში არსებული სიტუაციის დესტაბილიზება".
ამას გარდა, რუსეთის საგარეო უწყება ამ ინიციატივას ასევე უწოდებს საქართველოს ხელისუფლების მცდელობას "გადაიტანოს ყურადღება იმ დესტრუციული პოლიტიკიდან, რომელსაც იგი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ატარებს".
"რუსეთის ფედერაცია ემხრობა კავკასიაში კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას და იქ ნორმალური ურთიერთობებისა და მშვიდი ცხოვრების უზრუნველყოფას, რომლისათვის საფუძვლის შერყევა მოინდობა სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში. სწორედ მან გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან და ამით შექმნა წინააღმდეგობა ჩვენს მოქალაქეებს შორის ურთიერთობებში. სწორედ ქართული მხარე აჭიანურებდა "ყაზბეგი-ზემო-ლარსის" პუნქტის გახსნას. ახლა კი ამ პუნქტის გახსნას საქართველოს ხელისუფლება თავისი არაკეთილსინდისიერი მიზნებისათვის გამოყენებას გეგმავს", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადების დასასრულს აღნიშნულია, რომ რუსეთს არა აქვს პრობლემა ქართველ ხალხთან.
"ჩვენ პრობლემა გვაქვს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან, რომელიც ვერა და ვერ მშვიდდება. მისი ყველა კრუნჩხვითი მოქმედება მიმართულია ახალი გაღიზიანებებისკენ და არ პასუხობს ქართველი ხალხის არჩევანს და შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებისათვის დამატებით პრობლემებამდე მივიდეს", _ ნათქვამია განცხადების დასასრულს.
მასალის გამოყენების პირობები