პორტუგალიაში მიმდინარე 19-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე მე-2 ტურის მატჩში, საქართველოს ნაკრები მასპინძლებთან 3:0 დამარცხდა.
ვლადიმერ გუცაევის გაწვრთნილ გუნდს პორტუგალიიდან გოლები ესგაიუმ(23 წუთზე), ბეტინიუმ(57) და ბრუმამ (61) გაუტანეს.
საქართველოს 2 ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს. პირველ შეხვედრაში ქართველებმა ბერძნები დაამარცხეს 1:0.
მესამე და გადამწყვეტი ტურის მატჩები 16 ოქტომბერს გაიმართება. საქართველო აზერბაიჯანს დაუპირისპირდება, მეორე შეხვედრაში კი ერთმანეთს პორტუგალია-საბერძნეთი შეხვდებიან.
სატურნირო მდგომარეობა:
1. პორტუგალია 2 1 1 0 5-2 4
2. საქართველო 2 1 0 1 1-3 3
3. საბერძნეთი 2 1 0 1 1-1 3
4. აზერბაიჯანი 2 0 1 1 2-3 1
19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების რეგლამენტი ასეთია. 13 შესარჩევი ჯგუფიდან, გაისად გაზაფხულზე გასამართ ელიტ-რაუნდში 2-2 საუკეთესო გუნდი ხვდება. იგივე ბედი ეწევა ორ მესამეადგილოსანსაც, რომელთაც ჯგუფში I-II ადგილზე გასულ გუნდებთან ნაჩვენები მონაცემებით უმჯობესი შედეგი ექნებათ. ასე გამოვლენილი 28 გუნდი, ელიტ-რაუნდში შვიდ 4-4-გუნდა ჯგუფში გადანაწილდება. ფინალურ ეტაპზე კი, მხოლოდ ამ ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ, სადაც ზაფხულში ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ნაკრებიც დაუხვდებათ.