"ჩვენ უძველესი ქრისტიანული ქვეყანა ვართ, რომელიც სრულად იზიარებს ევროპულ ფასეულობებს", - ამის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ გაზეთ "ბულვარ გორდონასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე საქართველო ნატო-ს წევრი გახდება? საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ნატოში შევა და "ღმერთმა ქნას, ევროკავშირშიც".
"საქართველო პატარა ქვეყანაა და მიუხედავად იმისა, რომ ყურადღება რუსეთთან ძალზე მტკივნეული ურთიერთობით მივიპყარით, თუ შეიძლება ასე ითქვას, ადვილად შესათვისებელი ვართ ევროპული სახელმწიფოებისთვის. ამასთან, ჩვენ უძველესი ქრისტიანული ქვეყანა ვართ, რომელიც სრულად იზიარებს ევროპულ ფასეულობებს. ჩემი თვალსაზრისით, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია უფრო მალე მოხდება, ვიდრე ბევრს ჰგონია", - აღნიშნა სააკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზეც, რომ მიხეილ სააკაშვილი და სტალინი ერთ რიცხვში არიან დაბადებულები.
"თბილისში გამომგზავრების წინ, ასტროლოგმა პაველ გლობამ მირჩია: "პრეზიდენტ სააკაშვილის ყურადღება იმას მიაპყარით, რომ ის სტალინის დაბადების დღეს არის დაბადებული". გრძნობთ თუ არა თქვენ რაიმე დამაკავშირებელს ამ ბუნდოვან პიროვნებასთან?", - დაინტერესდა ჟურნალისტი.
რაზეც პრეზიდენტმა სააკაშვილმა უპასუხა, რომ "ისტორია, როგორც ფილოსოფიის კლასიკოსის ჰეგელის გამონათქვამიდან არის ცნობილი, ორჯერ მეორდება: ერთხელ - ტრაგედიის, ხოლო მეორედ - ფარსის სახით. მიმაჩნია, რომ ჩვენ ძალიან განსხვავებულები ვართ და, რეალურად, იოსებ ჯუღაშვილის აჩრდილიდან, რომელიც ათწლეულები გვსდევდა თან, საქართველო თავისუფლდება".