"არ არსებობს ის, რომ ვიღაც კორუმპირებული იყოს და ვიღაც არა - როგორ უნდა იყო ნახევრად ორსული", ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ გაზეთ "ბულვარ გორდონასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში ქრთამის აღების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებით დაინტერესდა, რაზეც პრეზიდენტმა სააკაშვილმა უპასუხა, რომ ქვეყანაში ქრთამის აღება მცირდება.
"თუმცა ყველანაირი ადამიანი არსებობს. ზოგიერთი ამბობს, რომ კორუფცია დარჩა, მაგრამ მხოლოდ ხელისუფლების ზედა ფენებში. სრული სისულელეა! ის თუ არის, ხელისუფლების მთელ ვერტიკალზე განაწილდება. არადა არ არსებობს, რომ ვიღაც კორუმპირებული იყოს და ვიღაც არა - როგორ უნდა იყო ნახევრად ორსული? თუ სისტემაში ვირუსია, ის ძალიან მალე ვრცელდება. თუ გაქვს პოლიტიკური ნება, ყველაფერს სწორად გააკეთებ. როდესაც ქვეყნის სათავეში მოვედით, პოლიციაში ხელფასები 20 დოლარს უტოლდებოდა, მაგრამ თანამშრომლები ამ თანხასაც ვერ იღებდნენ - მხოლოდ უწყისებში აწერდნენ ხელს. ყველაფერი ხელმძღვანელობას მიჰქონდა. უფრო დაბალი ჩინის მქონენი უფროსობას ყოველთვიურად აძლევდნენ ქრთამს. ეს სწორია?", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტად არჩევის დროს საპრეზიდენტო ხელფასი, თითქმის 40 დოლარი ჰქონდა.
"გეკითხებით, როგორ ცხოვრობდა ამ თანხით ჩემი წინამორბედი? აი ასე ცხოვრობდა. ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე, შვეიცარიაში, დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე გავემგზავრეთ და დღიური სამივლინებო თანხა 10 დოლარი მომცეს. აღვშფოთდი, იქ ხომ ჭიქა ყავა უფრო მეტი ღირს-მეთქი. მინიმუმ სამი-ოთხი ათასი მჭირდება - სხვაგვარად შეუძლებელია. თანაც იმის გათვალისწინებით, რომ საპრეზიდენტო ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება. ასე იყო ყველა დონეზე, ამიტომაც თავიდანვე ვთქვით, რომ თავდპირველად პოლიციას, საგადასახადო მუშაკებს, დეპუტატებსა და მინისტრებს მაინც უნდა გადავუხადოთ კარგად. თუ ამის შემდეგ საგადასახადო შემოსავალი 40 პროცენტით გაიზრდება, ე.ი. სწორ გზას ვადგავართ. პირველი წლის განმავლობაში გავასამმაგეთ, იმ დროიდან სულ 16-17-ჯერ გაიზარდა, მით უმეტეს, რომ გადასახადები თითქმის 60 პროცენტით შევამცირეთ. რატომ? იმიტომ, რომ ეკონომიკის ლეგალიზება შევძელით!", - აღნიშნა სააკაშვილმა.
სააკაშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის ხუთი დეპუტატი, მინისტრის მოადგილეები და ბევრი ძველი მინისტრი კორუფციისა და გამოძალვისთვის გაასამართლეს.
"მდიდრები მთავრობაშიც არ გვყავს - ერთი იყო კახა ბენდუქიძე, რომელმაც ახლა კერძო უნივერსიტეტი გახსნა. ჩვენი პარლამენტის კედლებთან ძალიან ცოტა მანქანაა და ვფიქრობ, ეს არსებითია. კორუფციის დონის განსაზღვრა შეიძლება იმით, თუ რამდენი ძვირფასი მანქანა დგას პარლამენტთან ან მთავრობის კანცელარიასთან", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.