ჟენევის მოლაპარაკებათა მე-13 რაუნდი დღეს, თბილისის დროით, 11 საათზე დაიწყება.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებზე 2008 წელის 12 აგვისტოს მედვედევი-სარკოზის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას დააყენებს. ასევე მთავარ საკითხად დადგება ოკუპირებული რეგიონებიდან რუსული ჯარების გაყვანა, დევნილების დაბრუნებისა და სეპარატისტების მიერ უკანონოდ დაკავებული 12 ქართველის განთავისუფლების საკითხი.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე რუსული მხარე კი მთავარ საკითხად კვლავ საქართველო-ე.წ.სამხრეთ ოსეთს, საქართველო-აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმებას დააყენებს.
ქართული დელეგაცია აღნიშნული დოკუმენტის მარიონეტულ რეჟიმებთან გაფორმებას არ ეთანხმება.
ცხინვალის რეჟიმი ასევე აპირებს, უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქეების მოძიების საკითხი წამოსწიოს.
ჟენევის კონსულტაციებზე ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს.
დელეგაციაში ასევე შედიან: შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
რუსული მხარის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, ცხინვალის რეჟიმის დელეგაციას კი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი ხელმძღვანელობს.
სოხუმის რეჟიმმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს სრული შემადგენლობით უბრუნდება.
მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოსა და გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლები - პიერ მორელი, ბოლატ ნურგალიევი და ანტი ტურუნენი არიან.
მოლაპარაკებებში აშშ-ის დელეგაციაც მონაწილეობს.