დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი რუსეთის ფედერაციას სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჰეიგმა მოსკოვში ვიზიტის დროს გაზეთ "ნოვაია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"იმედი გვაქვს, რუსეთი მთლიანად შეასრულებს საქართველოსთან დაკავშირებით დიმიტრი მედვედევისა და ნიკოლა სარკოზის შეთანხმებას. ყველა დაინტერესებული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხებში რუსეთმა აქტიური, კონსტრუქციული როლი შეასრულოს", - აღნიშნა ჰეიგმა.
იულიამ ჰეიგის თქმით, რუსეთი დიდი ბრიტანეთისთვის საკვანძო პარტნიორია და აღნიშნულზე მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზედაც ისაუბრა.
"მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იმ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე, რომლებშიც საერთო ინტერესები გვაქვს. თუმცა არის საკითხები, რომლებიც ლონდონს აშფოთებს. ბოლო წლებში ჩვენს ქვეყნებს შორის რთული ურთიერთობა იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ უთანხმოებები და არა გავექცეთ მათ. ეს საკითხები უნდა განვიხილოთ და დიალოგით გადავჭრათ", - აღნიშნა ჰეიგმა.