"ქრისტიან-დემოკრატები" ღვედის გამოყენების ვალდებულების დანერგვისთვის სოფლებში გარკვეული ვადის მიცემას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან- დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ პარალმენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
როგორც მან განაცხადა, სოფლებში მანქანების უმეტესობას ღვედი საერთოდ არ გააჩნია და გაჭირდება აღნიშნული ვალდებულების შესრულების ადმინისტრირება, გარდა ამისა, ამ ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულებას ტექდათვალიერების შემოღება დასჭირდება.
ვეფხვაძე ითხოვს, ეს ვალდებულება პირველ ეტაპზე შეეხოს ქალაქებსა და დაბებს. სოფლებში კი მიეცეთ გარკვეული პერიოდი, რათა უზრუნველყონ მანქანების ღვედებით აღჭურვა. ამ მოთხოვნას კი საპარალმენტო უმრავლესობა არ იზიარებს.
როგორც იურიდილ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა თორდიამ განაცხადა, პოლიციას უკვე მიეცა შესააბამისი დირექტივა, წინასწარ გააფრთხილოს მოსახლეობა და კანონის ამოქმედებამდე დარჩენილია ვადა, რაც საშუალებას მისცემს მათ, აღჭურვონ მანქანები ღვედებით. ამასთან, მისი თქმით, ღვედის არქონის შემთხვევაში მძღოლები პირველივე გამოვლენისას არ დაჯარიმდებიან. პირველ ეტაპზე მოხდება მათი გაფრთხილება და დაჯარიმება უკვე ქმედების განმეორების შემთხვევაში მოხდება.