საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების 130 ათასი ამომრჩევლის სახელით დარეგისტრირებაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომტეტმა უარყოფითი დასკვნა მისცა. კომიტეტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დადასტურდა, რომ ხელმოწერები პარლამენტში კანონდარღვევით იქნა შეტანილი.
როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, წინასწარ არსებობდა ინფორმაცია, რომ ხელმოწერები კანონდარღვევით იყო შემოტანილი, რაზედაც განცხადება ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ ორი კვირის წინ ბიუროს სხდომაზე გააკეთა და ამ არგუმენტით იგივე საკანონმდებლო ინიციატივა ქრისტიან-დემოკრატების სახელით დაარეგისტრირა.
მიუხედავად ამისა, ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი მაგდა ანიკაშვილი დღეს კომიტეტის სხდომაზე მაინც ითხოვდა, აღნიშნული ინიციატივის დარეგისტრირება ამომრჩევლების სახელით მომხდარიყო. მან კომიტეტს საკითხის პოლიტიკური მნიშვნელობა შეახსენა და აღნიშნა, რომ ხელმოწერების კანონდარვევით შეტანა საკრებულოს დაუდევრობის ბრალია. მისი თქმით, სწორედ საკრებულომ დაადასტურა აღნიშნული ხელმოწერების ნამდვილობა.
გოგორიშვილისთვის კი ეს არგუმენტი მიუღებელი აღმოჩნდა. როგორც მან განმარტა, საკრებულოს ამის უფლებამოსილება არ გააჩნია, ვინაიდან ნოტარიატის შესახებ კანონში მითითებულია, რომ ხელმოწერების შეგროვებისას ნამდვილობას საკრებულო მხოლოდ იმ შემთხვევაში ადასტურებს, თუკი აღნიშნულ თვითმმართველ ორგანოში არ არსებობს ნოტარიუსი.
"თბილისში კი ათობით ნოტარიუსია და საკრებულომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო", - აცხადებს გოგორიშვილი.
მისი თქმით, ამის შესახებ საკრებულომ ჯერ კიდევ სექტემბრის შუა რიცხვებში აცნობა საკითხის ინიციატორებს და მათ შეეძლოთ ხელმოწერების ნამდვილობა ნოტარიუსით დაემოწმებინათ.
"საკითხის ინიციატორები საკმაოდ გამოცდილი იურისტები არიან და არ შეიძლება მათ ეს შეშლოდათ, ამიტომ მგონია, რომ ეს იყო სპეციალურად გაკთებული, რათა მას ხმაური და პოლიტიკური სპეკულაცია მოჰყოლოდა", - აცხადებს გოგორიშვილი, თუმცა, მისი თქმით, პრობლემა არ შეიქმნება, იმიტომ რომ აღნიშნული ინიციატივა უკვე ქრისტიან-დემოკრატების სახელითაა დარეგისტრირებული და შედეგი მაინც დადგება.
გოგორიშვილმა ქრისტიან-დემოკრატებიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თუკი მათ სურდათ აღნიშნული ინიციატივა ამომრჩევლების სახელით დარეგისტრირებულიყო, უნდა დალოდებოდნენ კომიტეტის გადაწყვეტილებას და საკუთარი სახელით კანონპდოექტის ინიცირება შემდეგ მოეხდინათ.